იაპონიაში 11 მარტს დილით მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 8,8 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიას საპორტო ქალაქ იოკოგომასა და ტოკიოს ცენტრში სერიოზული ნგრევა მოჰყვა.
მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის ტალღების სიმაღლემ ქალაქ კაისიში 10 მეტრს მიაღწია. ქალაქი მთლიანად დანგრეულია, ასობით ავტომანქანა წყალმა წაიღო.
ტოკიოს ცენტრი კვამლშია გახვეული. მიწისძვრის შემდეგ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 14 უმსხვილესი სამრეწველო ობიექტი იწვის.
ნავთობკომპანია “კოსმო ოილის” თავზე 30 მეტრის სიმაღლის ხანძარი მძვინვარებს. სამრეწველო ობიექტების გარდა, ტოკიოში საცხოვრებელი სახლებიც იწვის, ხალხი დახმარებას ითხოვს. დედაქალაქში არ მუშაობს ტელეფონები.
დანგრეულია ცენტრალური ავტომაგისტრალიც, რომელიც ცუნამის შედეგად ჩაინგრა. იაპონიაში სულ მცირე 4 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ვერტმფრენები შემთხვევის ადგილზე გააგზავნა, რათა ქალაქი ზემოდან დათვალიერდეს და ზარალი შეაფასდეს.
როგორც სეისმოლოგებმა განაცხადეს, დღევანდელი მიწისძვრა ბოლო 7 წლის მანძილზე იაპონიისთვის ყველაზე ძლიერია. ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არსებობს კუნძულ იოკაგამაზეც. მიწისქვეშა ბიძგები იაპონიაში ამ წუთებშიც იგრძნობა.
ავტომატურ რეჟიმში გაჩერდა რამდენიმე საწარმო, მათ შორის – ორი ატომური ელექტროსადგური; გაჩერებულია ყველა მატარებელი, არ მუშაობს მეტროპოლიტენი.
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ სამხრეთ კურილიის კუნძულებამდე მიაღწია.
“ინტერფაქსის” ცნობით, სოფელ მალოკურილის ნავსადგურის რაიონში ყინული დაიძრა. ცუნამის მიერ წარმოქმნილი ტალღების სიმაღლე კი 2 მეტრს აღწევს. კურილიის კუნძულების მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
იაპონიაში ამ დროისთვის საქართველოს 35 მოქალაქე იმყოფება. როგორც იაპონიაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ბეშიძემ განაცხადა, ამ დროისთვის გართულებული კომუნიკაციის გამო მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ამასთან, ბეშიძის თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იყო, სადაც ქართველები არ ცხოვრობენ.
“ქართველები არიან ტოკიოში, ოსაკაში, კიოტოსა და ნაგოიაში, რომელიც ტოკიოდან სამხრეთით მდებარეობს”, – განაცხადა რევაზ ბეშიძემ.
No comments:
Post a Comment